ძილის ობსტრუქციული აპნოე

ძილის ობსტრუქციული აპნოე უაღრესად დრამატული და შემაწუხებელი ძილის დარღვევაა, როგორც პაციენტის, ისე გარშემომყოფთათვის. თავისი არსით ის წარმოადგენს სუნთქვის ხანმოკლე, 10-20წმ ხანგრძლივობის სუნთქვით პაუზას, ანუ აპნოეს, რომელიც ვითარდება ძილის დროს.
აღნიშნული სუნთქვითი პაუზების მიზეზია სხვადასხვა სახის დაბრკოლების არსებობა სასუნთქ გზებში, ანუ მათი ობსტრუქცია. ასეთი დაბრკოლება შეიძლება იყოს მაგ: გადიდებული ნუშურები (გლანდები), ან ადენოიდები. სხვა მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს სხეულის ჭარბი წონა, ალერგიები, ასთმა, სინუსიტები, გასტროეზოფაგული რეფლუქსი. რისკის ჯგუფს შეადგენენ პაციენტები სახის ძვლების ანომალიით, ქვედა ყბის ჰიპოპლაზიით (არასრული განვითარებით), ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიებით, როგორიცაა მაგ: მიოპათიები, ცერებრული დამბლა და ა.შ. ასევე სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიის მქონე პაციენტები, კერძოდ პრადერ-ვილის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზრდილები.
აპნოე განაპირობებს სისხლში ჟანგბადის შემცველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას, რაც თავის მხრივ აღაგზნებს თავის ტვინს და აპროვოცირებს რიგ საპასუხო მექანიზმებს. კერძოდ, ტვინი ააქტივებს სუნთქვის ცენტრს და აპროვოცირებს ღრმა ჩასუნთქვას, რაც აღვიძებს პაციენტს. სუნთქვა აღდგება, თუმცა ამ პროცესების განმეორებადობა განაპირობებს ძილის უწყვეტობის დარღვევას და მის ფრაგმენტაციას. წარმოიდგინეთ, რომ ვინმე რეგულარულად გაღვიძებდეთ ღამეში 30-40-ჯერ.
ერთის მხრივ ჟანგბადის კონცენტრაციის ხშირი ვარდნა და მეორეს მხრივ ღამის მანძილზე ხშირი შეღვიძებები, არასასურველად აისახება პაციენტის ღვიძილზეც. სისხლში ჟანგბადის ადეკვატური შემცველობა აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხოლო წყვეტილი ძილი დღის მანძილზე ძილიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს. პაციენტები მუდმივად გამოუძინებლები არიან და ხშირად თვლემენ მაგ: ტრანსპორტში, ტელევიზორის წინ, ბავშვებს შეიძლება ჩამოეძინოთ პირდაპირ გაკვეთილზე. განსაკუთრებით საშიშია ასეთი პაციენტის ყოფნა საჭესთან. ის საფრთხეს უქმნის როგორც თავის, ისე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ისინი არიან ჩვეულებრივზე უფრო გაღიზიანებული, მოუსვენარი, გაფანტული, ხანდახან აგრესიულიც, ჰიპერაქტიული და იმპულსური. აღენიშნებათ ყურადღების კონცენტრირების პრობლემები, რაც შეიძლება აისახოს მათ პროდუქტიულობაზე სამსახურში, კარიერაზე, ბავშვებში დასწავლის უნარებსა და სკოლაში მოსწრებაზე.
საგულისხმოა, რომ თავად პაციენტი პირველ ეტაპზე ვერც აცნობიერებს, კონკრეტულად რა პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ არ გვესმის საკუთარი ხვრინვა ძილში და ვერც სუნთქვის უწყვეტობას ვაკონტროლებთ დამოუკიდებლად ... ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ოჯახის წევრების ჩივილს, თქვენს ხმაურიან ძილზე :) და დროულად მიმართეთ სპეციალისტებს. ადრეულ ეტაპზე ნებისმიერი დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობა გაცილებით ადვილია, ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში.
დიაგნოსტირების პროცესში პაციენტებს აუცილებლად ესაჭიროებათ ძილის სპეციალიზებული კვლევა, რომელსაც პოლისომნოგრაფია ეწოდება. გამოკვლევა მოიცავს სხვადასხვა სენსორებით ხვრინვის, სუნთქვის, გულისცემის, სისხლში ჟანგბადის დონის, ძილის სტადიების, სხეულის მოძრაობისა და ძილის უწყვეტობის მონიტორინგს მთელი ღამის მანძილზე. ჩვენს ინსტიტუტში ფუნქციონირებს ძილის კვლევის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტიპის პოლისომნოგრაფით. კვლევაში ჩართულია მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, საგანგებოდ ტრენირებული ექიმი ნევროლოგების (როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა) და ძილის კვლევის სპეციალისტის სახით. მოგვმართეთ. ჩვენ დაგეხმარებით ისუნთქოთ მშვიდად და უსაფრთხოდ!