2010 წლის 14-16 მაისს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასში მიმდინარეობდა “ევროპის ძილის კვლევის ასოციაციის” ტრენინგ-კურსი ძილის დარღვევებზე.
კურსი ორგანიზებული იყო ”საქართველოს ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის კავშირის” (GSSS, პრეზიდენტი – სოფიო კასრაძე, მედ. მეცნ. დოქტ. ნევროლოგი) და ”ევროპის ძილის კვლევის ასოციაციის” (ESRS, პრეზიდენტი – პროფ. კლაუდიო ბასსეტი, ნევროლოგი) მიერ. კურსზე წარმოდგენილი იყო ძილის დარღვევების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები. საერთაშორისო ექსპერტებმა პროფ კლაუდიო ბასსეტიმ (შვეიცარია), პროფ. ტომას პოლმახერმა (გერმანია) და პროფ. ბირგიტ ჰოგლმა (ავსტრია) მნიშვნელოვანი რჩევები მიაწოდეს ქართველ ექიმებს ძილის მედიცინისა და ძილის დარღვევების საკითხებზე. ”ეპილეფსიის ცენტრის” ბაზაზე გამართულ საქმიან შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ეპილეფსიის ცენტრის დირექტორმა სოფიო კასრაძემ და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პროფ. ოთარ თოიძემ ისაუბრეს საქართველოში ძილის მედიცინის დანერგვის, კლინიკური და სამეცნიერო მიმართულებით განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე.